კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" სტუმრად უშუალო კონკურენტ "ჩლორაკას" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
"სამწუხაროა იმის ნახვა, რაც დღეს ვნახეთ. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა და ვულოცავ მათ. გასულ კვირას მოედანზე სულ სხვა გუნდი ვნახეთ, დღეს კი სულ სხვა. სამწუხაროდ, როდესაც არ გაქვს ვნება, მონდომება და არ იბრძვი შედეგიც ასეთივეა. რა თქმა უნდა, ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, თუმცა როდესაც "ანორთოსისის" მაისურს ატარებ წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთი თამაშის ჩატარება. მიუხედავად ყველაფრისა მწვრთნელი მე ვარ და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე ვიღებ", - განაცხადა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ 20 ტურის შემდეგ "ანორთოსისი" 20 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება და დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობს. მომდევნო მატჩს ქეცბაიას გუნდი 9 თებერვალს "არისის" წინააღმდეგ გამართავს.







