ფეხბურთი

15:09 | 2.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ალ-ნასრის" დღევანდელ თამაშში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებს

კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრს“ დღეს საუდის არაბეთის ჩემპიონატში „ალ-რიადთან“ მატჩში არ დაეხმარება.

დიახ, არ, რადგან ეს მისი გადაწყვეტილებაა. ფეხბურთელს ფიზიკური პრობლემა არ აქვს, მაგრამ მოედანზე გასვლას არ აპირებს, პროტესტის ნიშნად.

რონალდუ უკმაყოფილოა, რომ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში არ გაძლიერდა, მხოლოდ ერაყელი ფეხბურთელი ჰაიდარ აბდულკარიმი გაიფორმეს. „ალ-ნასრს“, „ალ-ჰილალს“ და „ალ-იტიჰადს“ - საუდის არაბეთის მთავარ კლუბებს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) აფინანსებს და რონალდუ მიიჩნევს, რომ PIF გაცილებით მეტ ინვესტიციას „ალ-ჰილალსა“ და „ალ-იტიჰადში“ დებს, რის გამოც „ალ-ნასრი“ კონკურენციას ვერ ახერხებს. მოგეხსენებათ, რონალდუ მესამე სეზონია საუდის არაბეთშია, მაგრამ ჯერ ტიტული ვერ მოიგო.

მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „ალ-ჰილალი“ ისევ გაძლიერდა, გამოცდილი მცველი პაბლო მარი დაიმატა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია კარიმ ბენზემას ტრანსფერიც, მაშინ, როცა „ალ-ნასრის“ შემადგენლობა უცვლელი დარჩა. ამიტომაც, რონალდუ ძალიან გაბრაზებულია და დღევანდელ შეხვედრაში თამაში არ სურს.

პორტუგალიელს კარიერაში 961 გოლი აქვს გატანილი და 1000-გოლიან ნიშნულამდე 39 გოლი აშორებს. კრიშტიანუ რონალდუ ბომბარდირთა დავის ლიდერი აღარაა, 17 გოლით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ხოლო პირველ პოზიციაზე „ალ აჰლის“ ფორვარდი ივან ტოუნია 18 გოლით.

„ალ-ნასრმა“ ბოლო ოთხი მატჩი მოიგო და „ალ-ჰილალთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, 43 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო დღეს „ალ რიადს“ ესტუმრება.

0.097337