33 წლის გერმანელმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც 3-4 თვემდე უქმობა მოუწევს.
ტერ შტეგენი სულ რაღაც ორი კვირის წინ "ბარსელონიდან" იჯარის წესით "ჟირონაში " გადავიდა, თუმცა მხოლოდ ორი თამაშის ჩატარება მოასწრო და კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც ესპანური მედია იუწყება, თუ ტერ შტეგენი მოედანზე დაბრუნებას დიდი ხნით ვერ შეძლებს, შესაძლოა "ჟირონამ" ის გუნდიდან გაუშვას და გერმანელი "ბარსელონაში დაბრუნდეს.
გავრცელებული ცნობებით ტერ შტეგენმა ვარჯიშზე ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო, რამაც შესაძლოა მყესის დაზიანება გამოიწვიოს. გამოკვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ექიმები არ გამორიცხავენ, რომ 33 წლის გერმანელს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. კლუბთან ერთად გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგა და ექვსჯერ ლა ლიგა მოიგო.







