ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე კარიერას დანიის სუპერლიგის ბინადარ „ვეილეში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ლაცაბიძე დანიურ კლუბს დონეცკის „შახტარიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. მას გუნდში კიდევ ერთი ქართველი - გიორგი ტაბატაძე დახვდა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლუკამ კომენტარი გააკეთა:
„კლუბისა და ლიგის შესახებ ძირითადად, გიორგი ტაბატაძის წყალობით მაქვს წარმოდგენა, რომელსაც ახალგაზრდული ეროვნული ნაკრებებიდან ვიცნობ. ვიცი, რომ სუპერლიგაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე თამაშობს. ეს კარგი ადგილია განვითარებისთვის. მოუთმენლად ველი ჩემი ახალი თანაგუნდელების გაცნობას, რათა შევძლო სავარჯიშო პროცესთან ადაპტაცია და ჩემი კვალი დავტოვო გუნდზე. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბმა მომავალ სეზონში სუპერლიგაში ითამაშოს“, - თქვა ლაცაბიძემ.
„ლუკა ლაცაბიძე ახალგაზრდა მცველია, რომელიც გააძლიერებს კონკურენციას დაცვის ცენტრში. ლაცაბიძის სახით დავიმატეთ გამოცდილი ფეხბურთელი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად. ის კარგად არის გაწვრთნილი. რეგულარულად თამაშობს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც ის კაპიტანიცაა. გაზაფხულზე გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ მუდმივი თანამშრომლობის პერსპექტივაში“, - თვქა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიკელ ჰემერსამმა.
ლაცაბიძე ბოლო პერიოდში იჯარით „დინამო თბილისში“ თამაშობდა, მანამდე „შახტარს“ ის ოდესის „ჩერნომორეცში“ ჰყავდა განათხოვრებული.
„ვეილე“ დანიის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო ადგილზეა და უახლოეს მატჩს 9 თებერვალს, უშუალო კონკურენტ „ფრედერიციასთან“ გამართავს.







