"მეცმა" გიორგი ქვილითაია მედიას წარუდგინა. ქართველმა ფორვარდმა ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და იმედოვნეს, რომ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას შეძლებენ.
„რა თქმა უნდა, "მეცის" თამაშები ნანახი მაქვს, პირველ რიგში ქართველების გამო. აქ ბევრი ქართველი თამაშობდა, ამიტომ ქართველებისთვის ოჯახივით კლუბია. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, შესაბამისად, ერთმანეთს ვიცნობთ ეროვნული ნაკრებიდან, მათთან აქ ჩამოსვლამდე ვისაუბრე. ტექნიკური ფეხბურთელი ვარ, კარიდან ზურგით კარგად თამაშიც შემიძლია, ასევე, შემიძლია გუნდს დავეხმარო შეტევაში ამოსვლაში. იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები და ერთად მივაღწევთ მიზანს. ჩემი კუმირი რონალდინიო იყო, მაგრამ როგორც თავდამსხმელი, ალბათ, ზლატანი.
გუნდი თავდაჯერებულია, სპორტულ დირექტორს ვესაუბრე, რომელსაც სჯერა გუნდის. გასახდელში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ამიტომ, ვფიქრობ, შეგვიძლია, ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება. სათამაშოდ მზად ვარ“, - თქვა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია ბოლოს კვიპროსში თამაშობდა, კერძოდ, „არისში“, სადაც 2024 წლიდან 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა. კვიპროსში მანამდე ქართველი ფორვარდი „აპოელის“ და „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა, ასევე უთამაშია „გენტში“, ვენის „რაპიდში“, უნგრულ „გიორსა“ და „დინამო თბილისში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 42 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
„მეცი“ ლიგა 1-ში ბოლო, მე-18 ადგილზეა და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. „მეცის“ ღირსებას გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი იცავენ, შესაბამისად, ფრანგულ გუნდში ერთბაშად სამი ქართველი იქნება. გარდა ამისა, „მეცში“ გიორგი მიქაუტაძეს უთამაშია, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 63 თამაშში 38 გოლი აქვს გატანილი.







