საქართველოს ნაკრებისა და "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი გოგა ბითაძე შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა კლუბში გადავიდეს. ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემები აქტიურად წერენ.
გავრცელებული ცნობებით, გოგა ბითაძის დამატება "სან ანტონიო სპურსს" და "ტორონტო რეპტორსს" სურს. torontosun-ის ინფორმაციით, კანადელები გოგას დამატებას სერიოზულად განიხილავენ და თუ ეს გარიგება შედგება, ერთ კლუბში ორ ქართველს ვიხილავთ. გოგას მომავალი დიდი ალბათობით უახლოეს საათებში გაირკვევა, რადგან NBA-ში ტრანსფერების განხორციელების ბოლო ვადა 5 თებერვალს იწურება.
გოგა ბითაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ დღეს ქართველ ცენტრს "ოკლაჰომა სითი თანდეერის" წინააღმდეგ საერთოდ არ უთამაშია და მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე "ორლანდოს" რიგებს 2022 წელს შეუერთდა, იქამდე კი "ინდიანა პეისერსის" ღირსებას იცავდა. ქართველი ცენტრის საშუალო სტატისტიკა მიმდინარე სეზონში 5.9 ქულა, 5.1 მოხსნა და 1.2 შედეგიანი გადაცემაა.







