მილანის ოლიმპიური სოფლის ბინადართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ოლიმპიური სოფლის გახსნით სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნანატრი მომენტი დაიწყო.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები მასპინძელ ქვეყანაში, იტალიაში ჩასვლით, შემდეგ დაბინავებით მიღებულ შთაბეჭდილებებს: დაწყებული საკუთარი ოთახების აღმოჩენით, დასრულებული იტალიურ სამზარეულოსთან პირველი შეხვედრით, სოციალურ ქსელებში აზიარებენ.
იტალია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სოფელში დაბინავდა, მათ კი გერმანიის, ჩეხეთისა და იაპონიის მრავალრიცხოვანი დელეგაციები მოჰყვნენ.
ოლიმპიური სოფლის სრული დატვირთვით ამოქმედებასთან ერთად, მილანი/კორტინა 2026-ის გუნდი მზადაა, ოლიმპიელებისთვის იდეალური პირობები შესაქმნელად, რათა მათ შეძლონ საკუთარ შედეგებზე კონცენტრირება და ამავდროულად, შეიგრძნონ ზამთრის ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებული ატმოსფერო.ოლიმპიური სოფელი, რომელიც თამაშების განმავლობაში სპორტსმენთათვის ერთგვარ მთავარ ცენტრადაა მიჩნეული, უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, კვებით, სავარჯიშო და აღდგენით სივრცეებით, უსაფრთხო და მეგობრული გარემოთი.
ოლიმპიური სოფელი პირველივე დღიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა. გაიხსნა მთავარი სასადილო დარბაზი, რომელიც 24/7-ზე მუშაობს და მოიცავს კვების რამდენიმე პუნქტსა და ბუფეტს, სადაც სპორტსმენების საჭიროებებზე მორგებული ბალანსირებული კვებაა შეთავაზებული. ასევე ღიაა ფიტნეს ცენტრი, აღდგენითი და საერთო სივრცეები.
მილანის ოლიმპიურ სოფელს უშუალოდ გაეცნო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი კირსტი ქოვენთრი, რომელმაც ოლიმპიელებს საკუთარი მოგონებები გაუზიარა და მათ შთაბეჭდილებებსაც გაეცნო. ასევე გაეცნო იმ მრავალფეროვან სერვისებსა თუ აქტივობებს, რომლებიც ოლიმპიელთათვის არის გათვალისწინებული.
„ეს მართლაც ამაღელვებელია. ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია ჩვენს ოლიმპიელებთან ერთად ყოფნა, რომლებიც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იასპარეზებენ, - აღნიშნა ქოვენთრიმ. - სულმოუთქმელად ველოდებით იმას, თუ როდის მოგვგვრით შთაგონებას, რადგან ეს სწორედ ისაა, რასაც თქვენ აკეთებთ. გისურვებთ წარმატებას!"
მილანის ოლიმპიურ სოფელში 1 700 სპორტსმენი, მწვრთნელი, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი განთავსდება. მილანი ყინულის სპორტის სახეობების უმეტესობას მასპინძლობს, მათ შორის ფიგურულ ციგურაობასა და ჰოკეის.
კერძო დეველოპერის მიერ აშენებული ეს კომპლექსი, რომელიც დღეს ოლიმპიური სოფლის სტატუსით სარგებლობს, პარალიმპური თამაშების (6-15 მარტი) დასრულების შემდეგ, სტუდენტურ საცხოვრებლად გადაკეთდება.
ქართველი სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური და სამედიცინო პერსონალი, ოლიმპიური მისიის წარმომადგენლები უკვე შესახლდნენ ოლიმპიურ სოფელში. ჩვენმა მოციგურავებმა რამდენიმე ვარჯიში გამართეს. ისინი ოლიმპიურ თამაშებში 6 თებერვლიდან ჩაებმებიან.
ოლიმპიური სოფელია მოწყობილი კორტინა დ'ამპეცოშიც და ის 377 მობილური სახლისგან შედგება. კორტინა ძირითადად სამთო თხილამურობას, ქერლინგს, ბობსლეის, ციგაობასა და სკელეტონს უმასპინძლებს.
GEONOC.ORG.GE







