სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:17 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" დირექტორი: "ნიჭიერი ფეხბურთელები გავუშვით, მაგრამ ჩვენთან თამაშის შანსი არ ჰქონდათ"

„უდინეზეს“ ტექნიკურმა დირექტორმა ჯანლუკა ნანიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში იმ ფეხბურთელებზეც ისაუბრა, რომლებმაც იანვარში გუნდი დატოვეს.

ნანი არ დაკონკრეტებულა სახელებით, მაგრამ ერთ-ერთი, ვინც „უდინეზე“ დატოვა, საბა გოგლიჩიძეა, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარით „უოტფორდში“ წავიდა. შესაბამისად, ნანის სიტყვები საბასაც შეეხებოდა.

„სათამაშოდ გავუშვით ბიჭები, რომლებსაც აქ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ძლიერი, ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც უდინეზეში შეზღუდულები იყვნენ“, - თქვა ნანიმ.

"უდინეზეს" და "უოტფორდს" ერთი მფლობელი ჰყავს, კლუბშიც ერთი და იგივე მენეჯერები მუშაობენ, შესაბამისად, მათ შორის, ტრანსფერები ჩვეული ამბავია, გოგლიჩიძეც ამ გარიგების ერთ-ერთი ნაწილია.

საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ გასულ ზაფხულს „ემპოლიდან“ შეუერთდა. მან ფრიულელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა, 8 სერია A-ში, ერთი იტალიის თასზე, მაგრამ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორჯერ იყო მოედანზე, რამდენიმე წუთით. 29 ოქტომბერს, „იუვენტუსთან“ ორი აკიდებული პენალტის შემდეგ საბამ „უდინეზეს“ მწვრთნელის, რუნიაიჩის ნდობა დაკარგა და სათამაშო დრო თითქმის სამი თვეა საერთოდ არ მისცემია. „უდინეზემდე“ გოგლიჩიძე „ემპოლის“ და „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ "უოტფორდში" გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი ირიცხებიან. ჩაკვეტაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერა, ხოლო ჩიქოვანი ჯერჯერობით, მეორე გუნდის წევრია.

0.171443