crocobet დიდი 10 საახალწლო შესვენების შემდეგ მე-13 ტურით განახლდა. დედაქალაქურ დერბიში ‘არმია’ ‘წიქარას’ დიღომში, ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 13:10 დაამარცხა.
‘არმიასთვის’ ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა. გუნდმა მეოთხედ შემართა საზიარო „სარბიელის სინი“, 31 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გამაგრდა. ‘წიქარას’ მცირე სხვაობისთვის ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 26 გაუხდა და მეექვსე პოზიციაზეა.
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გუნდებს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ეტყობოდათ. ხშირი იყო გაჩერებები და შეცდომები. ანგარიში მატჩის დებიუტში მერლს პიტერსმა ჯარიმით გახსნა. დავით იმნაძეს საპასუხოდ ორი დარტყმა გაუცუდდა, ტაიმის შუაში კი არმიელები კვლავ დაეუფლნენ ინიციატივას და მოლის შემდეგ ლელო გიორგი მექვაბიშვილმა მიითვალა.
პიტერსის გარდასახვა ძელმა აისხლიტა და ‘წიქარამ’ 32-ე წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ჯიუტასა ნავეს კარგი თამაშის შემდეგ, ლისალა ნასენგემ ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელო გაიტანა, იმნაძემ კი გარდასახა. 35-ე წუთზე ნასენგე სინბინით დაისაჯა, თუმცა ‘არმიამ’ 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია და - ბურთი დაკარგა.
მეორე ტაიმი კაცნაკლული ‘წიქარას’ შეტევებით დაიწყო და იმნაძემ ჯარიმით სტუმრები დააწინაურა. დაძაბულობამ პიკს 57-ე წუთზე უწია და მსაჯმა ფარნა გასვიანი (‘არმია’) და გივი მაწკეპლაძე (‘წიქარა’) გაასინბინა. ‘არმიამ’ ჯარიმა არც შემდეგ ეპოზიდში დაარტყა, მოლის შემდეგ გიორგი ჩხარტიშვილმა ორიგინალურად შეუტია და მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა.
პიტერსის გარდასახვა არაზუსტი იყო და დასკვნითი წუთები ‘წიქარამ’ შეტევებში გაატარა. ნიკა ნეფარიძის სინბინის შემდეგ ‘არმია’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა თავი დაიცვა და 13:10 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლოზ სუხაშვილი გახდა.
RUGBY.GE







