სალონიკის „პაოკის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას „ათრომიტოსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ლუკა ბერძნულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. მას „პაოკში“ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, მესამე მეკარე იყო და მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთადერთხელ გავიდა. ის „ათრომიტოსში“ 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ძალიან მიხარია, რომ „ათრომიტოსის“ ფეხბურთელი გავხდი. ორი წელია საბერძნეთში ვარ და ვიცი, რომ „ათრომიტოსი“ ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ძლიერი გუნდია. აქ შესანიშნავი სავარჯიშო ცენტრია, სადაც ფეხბურთელისთვის ყველაფერია. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ სეზონი, რაც შეიძლება წარმატებული გამოვიდეს“, - თქვა გუგეშაშვილმა.
ლუკა გუგეშაშვილმა გასული სეზონი „პანსერაიკოსში“ გაატარა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და „პაოკმა“ მისი შეძენა გადაწყვიტა, მაგრამ სალონიკელთა რიგებში ქართველ კიპერს შანსი არ მისცემია. ქართველ მეკარეს ასევე უთამაშია „ყარაბაღში“, გორის „დილაში“, „იეგელონიასა“ და „დინამო თბილისში“.
„ათრომიტოსი“ საბერძნეთის სუპერლიგაში 19 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 ადგილზეა.







