მაიკლ კერიკის ხელში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბრწყინავს - ოთხი მატჩი და ოთხი მოგება. თანაც, ძლიერ მეტოქეებთან: „მანჩესტერ სიტისთან“, „არსენალთან“, „ფულჰემთან“ და ახლა „ტოტენჰემთან“.
„იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ტოტენჰემს“ დამაჯერებლად აჯობა. 29-ე წუთზე სტუმრები კრისტიან რომეროს გაძევების გამო მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რამაც მანჩესტერელთა მისია გაამარტივა.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ბრაიან მბეუმომ გახსნა, ხოლო 81-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
„მანჩესტერმა“ ამ გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 10 თებერვალს, „ვესტ ჰემს“ ესტუმრება. „ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში ძალიან ცუდი სეზონი აქვს - 29 ქულით მე-14 ადგილზეა.







