ტურინის „იუვენტუსმა“ ქენან ილდიზს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ილდიზმა კონტრაქტს ხელი პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტების წინაშე მოაწერა ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენციის დაწყებამდე.
ილდიზის ძველი კონტრაქტი ძალაში 2029 წლის ზაფხულამდე იყო, მაგრამ მთავარი ასპექტი ხელფასის მატებაა. თურქი მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, რაც გუნდის მთავარი აქტივისთვის შეუფერებელი გასამრჯელო გახლდათ.
ამიტომაც, „იუვემ“ ილდიზს კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა და სეზონში მისი ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება, რითაც ჯონათან დევიდთან ერთად გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ტურინული გრანდისთვის ილდიზი ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მომავალს მის გარშემო გეგმავს.
„პირველ რიგში, მადლობა ჯონ ელკანს, დამიენ კომოლის, მწვრთნელს, თანაგუნდელებს, კლუბის ყველა თანამშრომელს და გულშემატკივრებს. ბედნიერი, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე და ოჯახში დავრჩები. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ წარმატებას მივაღწევთ თქვენთან ერთად. მე მიყვარს „იუვენტუსი“, რადგან, რაც აქ ვარ, ყოველთვის მჯერა, რომ ერთად ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ. ჩემს უკან გულშემატკივრებია, რომლებიც ჩემი ოჯახი არიან“, - თქვა ილდიზმა.
ქენან ილდიზი „იუვენტუსის“ აკადემიას 2022 წელს უფასოდ „ბაიერნიდან“ შეუერთდა, ხოლო 2023 წლიდან მთავარი გუნდის უცვლელი წევრია. მან „იუვეს“ რიგებში დღემდე 115 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა.







