პსჟ-მ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. კლუბს წარმატების იმედი აქვს, თუმცა ესპანელ მწვრთნელზე დიდი მოთხოვნაა, იტყობინება L'Équipe.
პარიზული კლუბი ესპანელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას 2030 წლამდე გეგმავს. ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ საწყისი მოლაპარაკებები ძალიან მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს და დადგენილ ვადაში დასრულდება. პსჟ-ს მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ მწვრთნელი სეზონის დასრულებამდე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ენრიკემ პარიზული კლუბი 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით პსჟ-მ ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, გახდა საფრანგეთის თასისა და ქვეყნის სუპერთასის ორგზის გამარჯვებული, ასევე მოიგო 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და და საკონტინენტთაშორისო თასი.
ფრანგულ ლიგაში 20 მატჩის შემდეგ პსჟ-ს 48 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.







