რაგბი

18:47 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 51:40 გორი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ გორის ‘გორს’ crocobet დიდი 10-ის მე-13 ტურში 51:40 სძლია და სატურნირო ცხრილში მას ადგილი გაუცვალა.

აუტსაიდერთა ჯახი, რომელიც „ავჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა უხვქულიანი და დაძაბული აღმოჩნდა. გუნდებმა 6-6 ლელო გაიტანეს, 7-ჯერ შეიცვალა ლიდერი და ‘ყაზბეგმა’ გამარჯვება დასკვნით წუთებში დაიბევა.

შედეგად, სტეფანწმინდელებმა სატურნირო ცხრილში 16 ქულა მოიპოვეს და მე-9 ადგილზე დაწინაურდნენ, ‘გორს’ კი 13 ქულა დარჩა და მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა.

მასპინძლები მე-7 წუთზე გიორგი პეტრიაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ. ‘გორმა’ ძალისმიერი შეტევებით უპასუხა და მესამე ჯერზე საბა ჯღარკავამ ლელო გაიტანა, რომელიც გელა ხელაძემ გარდასახა. 21-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ ლელოს ნიკოლოზ ცოფურაშვილმა უწია და ‘ყაზბეგს’ ლიდერობა დაუბრუნა, პეტრიაშვილმა კი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა.

ჯარიმის შემდეგ თამაში რომ განახლდა, სტეფანწმინდელებმა პირველი ბურთი საკუთარ 22-თან ვერ აიღეს, ის ‘გორის’ დებიუტანტმა ლეგიონერმა სავანიოლო კალავეტიმ აიტაცა და მასპინძლებს ლელოთი სწრაფად უპასუხა, ხოლო ხელაძემ გარდასახვით სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა. 32-ე წუთზე ‘გორი’ აპილემეკი ნამბოლენგას სინბინის შემდეგ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და ‘ყაზბეგმა’ ამ პერიოდში ორი ლელო გაიტანა.

პირველ ჯერზე ვატისონი ვანგანისარავიმ ძალისმიერი ლელო შეიტანა, ხოლო 35-ე წუთზე ‘ყაზბეგმა’ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და კონტრშეტევაზე ლელო ლუკა ალიბეგაშვილმა გაიტანა. პეტრიაშვილმა ორივე გარდასახა. კაცნაკლულმა ‘გორმა’ ტაიმის მიწურულს ერთი ლელოს გატანა მოახერხა. 5 ქულა რატი სამყურაშვილმა მიითვალა, რასაც ხელაძემ გარდასახვიდან 2 ქულა დაამატა - 27:21.

თამაში რომ განახლდა ‘გორმა’ მეტოქის 22-ში ბურთი კარგად გაითამაშა და დავით მთვარაძემ ალამთან გატანილი ლელოთი სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 3 წუთში ‘ყაზბეგმა’ ხელდახელ შეტევით და გიორგი ხუროშვილის ლელოთი საკუთარ გუნდს 6-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, რასაც პეტრიაშილის ზუსტი გარდასახვაც მოყვა.

ამის შემდეგ გარკვეული დროით ინიციატივას ‘გორი’ დაეუფლა და ტაიმის შუაში დაწინაურებაც მოახერხა. 53-ე წუთზე დერეფნის შემდეგ რეზი ბროძელმა შებრუნებული პასით ხაზი კალავეტის გააჭრევინა და მან თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო 57-ე წუთზე სტუმრებმა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს და დიმიტრი ხურცილავამ თავისი გუნდი დააწინაურა. ხელაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა (34:40).

ამას ისიც დაერთო, რომ ხურცილავას ლელომდე 1 წუთით ადრე გუგუა ხულელიძე სინბინით დაისაჯა და ‘ყაზბეგი’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. ამის ფონზე სტეფანწმინდელებმა პეტრიაშვილის ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მერე კი ყვითელი ბარათი ნიკოლოზ ჩიღვინაძემ მიიღო და გორელებიც 14 კაცის ამარა დარჩნენ.

მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ამჯერადაც კარგად ისარგებლეს და ორი გარდასახული ლელო გაიტანეს. 72-ე წუთზე მათ მეტოქის 5-მეტრიანთან ჯარიმა გაითამაშეს, მორკინალების ორი დარტყმის შემდეგ ბურთი სინბინიდან დაბრუნებულ გუგუა ხულელიძეზე გავიდა და გუნდის კაპიტანმა ლელოთი ‘ყაბეგი’ დააწინაურა. თამაში რომ განახლდა ვატისონი ვანგანისარავიმ ხაზი გაჭრა და ბურთი გიგი გიგინეიშვილს გაატანა, რომელმაც კარგად იარა და მეტოქის 22-ში შევიდა, ორი პასის შემდეგ კი საკუთარი წამოწყებული იერიში ლელოთი ვანგანისარავიმ დაასრულა. პეტრიაშვილმა ორივე გარდასახა.

დასკვნით წუთებში ‘გორმა’ ნუგეშ-ქულის ასაღებად გაიბრძოლა. ‘ყაზბეგმა’ სინბინით დავით აბდუშელიშვილი და ნიკოლოზ ღარიბაშვილი დაკარგა, თუმცა 13 კაცით თავის დაცვა მოახერხა და 51:40 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიგა გრიგალაშვილი გახდა.

RUGBY.GE
0.159122