სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:58 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს დირექტორი: "კვარაცხელიას დამატების შანსი უნდა გამოგვეყენებინა, გვიხარია, რომ ჩვენთანაა"

„პარი სენ-ჟერმენის“ დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა, თუ რატომ არ დაიმატეს ფეხბურთელები იანვრის სატრანსფერო პერიოდში, განსხვავებით წინა წლისგან, როცა ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ზამთარში 70 მილიონი ევრო გადაიხადეს.

როგორც პორტუგალიელმა მენეჯერმა აღნიშნა, ზამთარში ტრანსფერები უმეტესად არ ამართლებს, მაგრამ კვარაცხელიას შემთხვევა გამონაკლისი შესაძლებლობა იყო:

„დღეს ჩვენს წინაშე არსებული სიტუაცია სრულიად განსხვავებულია გასული სეზონისგან. მაგალითად, ავიღოთ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა. სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს საერთოდ არაა საუკეთესო დრო ფეხბურთელის დასამატებლად. გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ჩვენთვის, გასულ ზამთარს, გამონაკლისი შემთხვევა კვარა იყო. იმ დროს მისი დამატება შესანიშნავი შესაძლებლობა გახლდათ, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ბევრი ვიშრომეთ, რომ ის ნაპოლიდან პარიზში ჩამოგვეყვანა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ჩვენთანაა“, - თქვა კამპუშმა.

სტატისტიკა ადასტურებს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას არ ჰგავს. პირობები განსხვავებულია. ამ დროს შეცდომების დაშვების ალბათობა გაცილებით მაღალია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე გუნდი გვყავს, რომელმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო, მეკარეს თუ არ ჩავთვლით.

მაღალი დონის ფეხბურთელები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არიან. პსჟ-ში ადგილის დასამკვიდრებლად კი გარკვეული დონის ხარისხია საჭირო. მენტალიტეტიც მნიშვნელოვანია, რადგან ტიტულებისა და მოედანზე ადგილისთვის ბრძოლა გიწევს“, - თქვა კამპუშმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-მ „ნაპოლიდან“ 2025 წლის იანვარში შეიძინა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა პარიზულ გუნდში 6 ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო 59 შეხვედრაში თავი 15 გოლით და 14 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.173945