crocobet დიდი 10-ის მე-13 ტურის დასკვნით შეხვედრაში, თბილისის ‘ლელომ’ ‘ბათუმს’ დაძაბულ ბრძოლაში 19:12 სძლია, რითაც თავად საფლეიოფო ექვსეულში აღზევდა, ზღვისპირელებს კი ლიდერობა დააკარგვინა.
საქართველოს ჩემპიონს წილად მხოლოდ ნუგეშ_ქულა ხვდა, ჯამში 45 მოუგროვდა და მესამე ადგილამდე დაეშვა. მას 3-3 ქულით უსწრებენ ქუთაისური გუნდები - ‘აია’ და ‘არესი’, რომლებმაც გამარჯვებები მოიპოვეს. ‘ლელოს’ 27 ქულა გაუხდა, ‘წიქარას’ ერთი ქულით გადაასწრო და მეექვსე ადგილზე აღზევდა.
„ლელო არენაზე“ გამართული შეხვედრა კარგი საყურებელი გამოდგა. მასპინძლებს ‘შავი ლომის’ მოთამაშეები - ლუკა ცირეკიძე, ლაშა ციხისთავი და ბადრი ციხისთავი დაემატა და ამან მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია.
თამაში ‘ლელოს’ იერიშებით დაიწყო. მათ მეორე წუთზევე მაღალ ტემპში, ხელდახელ შეუტიეს და გიორგი ბოლქვაძემ ლელოთი ანგარიში გახსნა. რთული პოზიციიდან მისივე გარდასახვა ზუსტი იყო. მე-5 წუთზე ‘ლელომ’ მოედნის ცენტრში საკუთარი დერეფანი დაკარგა, თუმცა ‘ბათუმი’ ბურთს ვერ გაუფრთხილდა, მას ლაშა ციხისთავი დაეუფლა და ლელოთი საკუთარი გუნდის უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. ბოლქვაძის გარდასახვა არაზუსტი იყო.
საწყისი 25 წუთის შემდეგ სტუმრებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება, მაგრამ ბევრი შეცდომა მოსდიოდათ და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიყავდათ. მიუხედავად ამისა, ბადრი ალხაზაშვილი ზედიზედ სამჯერ რომ დაჯარიმდა სინბინით დაისაჯა და სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლეს. ზღვისპირელებმა 5-მეტრიან შერკინებაში იმძლავრეს, რის შემდეგაც ბურთი გიორგი შუკაკიძემ აიტაცა და საპასუხო ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 12:5.
მეორე ტაიმი ‘ბათუმის’ იერიშებით დაიწყო და მათი მრავალფაზიანი, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, რომა მახათაძემ ზღვისპირელთა მეორე ლელო გაიტანა, ვაჟა მიქაძემ კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. თამაში რომ განახლდა ნიკა ხალვაშმა მეტოქეს ფეხით თამაშისას მისსავე 22-ში დაუფარა, თუმცა ბურთის აღება და ლელოში გადადება ვეღარ მოახერხა და ‘ბათუმი’ აშკარა ლელოს გადაურჩა. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და გააფთრებით უტევდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში მახათაძე მეორე ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ნახტომში ბურთი ალამთან ვერ დაამიწა.
57-ე წუთზე უკვე ‘ლელომ’ მიიღო წინ გასვლის შანსი, მაგრამ ბოლქვაძის ჯარიმა არაზუსტი აღმოჩნდა. ამასობაში 74-ე წუთი მოვიდა და მანამდე დაცვაში მოთამაშე მასპინძლებმა ერთბაშად იფეთქეს. მაღალ ტემპში შეტევისას ხაზის გაჭრა ნიკა აბესაძემ და გაგა ქევხიშვილმა მოახერხეს, ლელო კი ზურაბ გოთაიძემ გაიტანა და ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა.
შეხვედრის მიწურულს ბოლქვაძე წითელი ბარათით დაისაჯა და ‘ბათუმს’ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება გაწითლებულ დროზე შეეძლო. გუნდის კაპიტანმა ვანო ფუტკარაძემ ხაზი გაჭრა და ბოჭვის მიუხედავად თანაგუნდელს გადაცემაც გაუხერხა, მაგრამ ბადრი ციხისთავის ბოჭვამ შემტევს ბურთის დამორჩილების შესაძლებლობა არ მისცა და შეხვედრა ‘ლელოს’ გამარჯვებით დასრულდა - 19:12. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა აბესაძე გახდა.
RUGBY.GE







