რაგბი

16:00 | 9.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არესი 36:3 ხარები

ქუთაისის ‘არესმა’ crocobet დიდი 10-ის მე-13 ტურში, რუსთავის ‘ხარებს’ 36:3 სძლია და 4 უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

შედეგად, ‘არესი’ 48 ქულით თანაქალაქელ ‘აიას’ გაუტოლდა და მასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ‘ხარებს’ 34 ქულა დარჩა და მეოთხე პოზიცია შეინარჩუნა.

წვიმაში, „აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, მატჩის დებიუტში სანდრო ფურცხვანიძემ და დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც ‘არესი’ სრულ უპირატესობას დაეუფლა. მე-11 წუთზე ფურცხვანიძემ თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა, თამაშის განახლების შემდეგ კი შეხვედრის პირველი ლელო გავიდა.

‘ხარებმა’ ბურთი ჯერ მოედნის ცენტრში დაკარგა, მერე მოძღვრიშვილი ფეხით გადაკიდებულ ოვალს ვერ დაეუფლა, რითაც იაგო ხაბულიანმა ისარგებლა. ფურცხვანიძემ გარდასახვის შემდეგ 26-ე წუთზე მორიგი ჯარიმა გაიტანა, სამ წუთში კი მოლი არსენ მაჩალაძის ლელოთი დასრულდა და ფურცხვანიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა - 23:3. ამ ეპიზოდს ზურა ოდიკაძისა (‘არესი’) და გიორგი ჯამბურიძეს (‘ხარები’) წაკინკლავება მოყვა და ორივე ყვითელი ბარათით დაისაჯა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 9 წუთში ფურცხვანიძემ ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 53-ე წუთზე ‘არესმა’ მეტოქის 22-ში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და ხაბულიანმა თავისი მეორე ლელო გაიტანა. ამ ეპიზოდს რუსთაველთა მეორეხაზელის, კოტე გაზაშვილის სინბინიც მოყვა, რომელმაც ჯარიმის გათამაშებისას 10-მეტრიანი წესი დაარღვია.

66-ე წუთზე ‘არესმა’ მოლით დიდი მანძილი მოიგო და შოთა ხელაძემ მასპინძელთა მეოთხე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 36:3. მატჩის საუკეთესო მოთამაშე იაგო ხაბულიანი გახდა.

RUGBY.GE

0.165731