საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ფიგურულ ციგურაობაში საქართელოს ნაკრების გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, წინ არანაკლებ საინტერესო დღეებია და ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოციგურავეები ეცდებიან, რომ მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთონ.
„მადლობას იმსახურებს გუნდის თითოეული წევრი - სპორტსმენები, მწვრთნელები, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მესვეურები, ყველა ის ადამიანი, ვინც წვლილი შეიტანა ამ ისტორიული შედეგის მიღწევაში. ჩვენ წინ გველოდება არანაკლებ საინტერესო ოლიმპიური დღეები, მილანში გათამაშდება მედლების კიდევ ოთხი კომპლექტი - ამჯერად, ინდივიდუალურ და წყვილთა სრიალში. რამდენიმე დისციპლინაში გვაქვს მეტნაკლები შანსი იმისა, რომ გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადების შედეგები და თამამად ჩავერთოთ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში", - თქვა ხაბელოვმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 56 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და ერთი ნაბიჯი დააკლდა მედლის მოპოვებამდე.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მეოთხე ადგილიც ისტორიული და საუკეთესო შედეგია. ქართველი მოციგურავეები ახლა ოლიმპიადაზე ძალებს ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მოსინჯავენ.







