„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მარსელთან“ გამარჯვების (5:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ესპანელმა სპეციალისტმა გამოარჩია ხვიჩა კვარაცხელიას და უსმან დემბელეს გოლები, რომლებიც მას ძალიან მოეწონა:
„ძალიან ბედნიერები ვართ. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რადგან ატმოსფერო წარმოუდგენელი იყო. „პარკ დე პრენსზე“ თამაში მშვენიერი და ძალიან პოზიტიურია. როგორც მატჩის წინ ვუთხარი რაფელს, ასეთ ატმოსფეროს შევეჩვიეთ, მაგრამ მაინც წარმოუდგენელია. მატჩის წინ ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ამ თამაშის მოგება. ვფიქრობ, გუნდმა აჩვენა, რისი დემონსტრირებაც ყოველ მატჩში ცდილობს.
უსმანის მეორე გოლი წარმოუდგენელი იყო, ისევე როგორც კვარას გოლი. თუმცა, მათი ინდივიდუალური შესრულების ხაზგასმის ნაცვლად, ვფიქრობ, რომ გუნდმა ძალიან აგრესიულად იბრძოლა. გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ რა დონის გუნდის შესაძლებლობები გვაქვს და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი იქნება გუნდის თავდაჯერებულობისთვის. უნდა ვივარჯიშოთ და მოვემზადოთ მომავალი მატჩისთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგისთვის“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 28 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 51 ქულით ლიდერია, „ლანსს“ ორი ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში 13 თებერვალს, „რენს“ სტუმრად შეხვდება.







