საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მარსელი“ 5:0 გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის თამაშს ცნობილი ფრანგული გამოცემები გამოეხმაურნენ, მეტიც Le Parisien-მა ხვიჩას გოლს უბრალოდ შედევრი უწოდა.
Le Parisien - "კვარაცხელიამ მოედანზე შემოსვლიდან ხუთ წუთში შედევრი შექმნა, ის ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო",
Footmercato - "ტრავმიდან ახლად დაბრუნებულმა ხვიჩამ 62-ე წუთზე დეზირე დუე შეცვალა, ხოლო მალევე დემბელეს კარგი პასის შემდეგ ულამაზესი გოლიც გაიტანა. კვარაცხელიას მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ამ შემთხვევაში მიზანს ააცილა",
L’Equipe - "კვარაცხელია შესანიშნავად დაბრუნდა, მან დეზირე დუე შეცვალა და ულამაზესი გოლის გატანა შეძლო",
Maxifoot - "კვარაცხელიამ დღეს მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი გაატარა, თუმცა მისი თავდადება შესამჩნევი იყო. შემოსვლიდან მალევე ულამაზეს გოლი გაიტანა და შეხვედრის მიწურულს ბურთი ძელსაც გაარტა",
ცნობისთვის, კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 28 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასია.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 51 ქულით ლიდერია, „ლანსს“ ორი ქულით უსწრებს და მომდევნო ტურში 13 თებერვალს, „რენს“ სტუმრად შეხვდება.







