გერმანიის II ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ნიურნბერგი“ „პადერბორნთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა ქართველი ფეხბურთელი BILD-თან საუბარში ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ჩანდა. ლოჩოშვილმა მის მიერ გატანილ გოლზე კომენტარი საერთოდ არ გააკეთა.
"იმედგაცრუებული ვარ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ჩვენს თამაშში არანაირი სულისკვეთება, არანაირი ჟინი და მონდომება არ იგრძნობოდა. ეს მიუღებელია და ასე თამაში არ შეუძლება.
ჩვენ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ, უფრო მონდომებულები ორთაბრძოლებში. საბოლოო ჯამში, ეს ის წვრილმანებია, რაც მატჩის ბედს წყვეტს და ჩვენ ეს პირველ ტაიმში არ გავაკეთეთ. შედეგად, „პადერბორნმა“ თამაში თავისი სცენარით წაიყვანა და მიზანსაც მიაღწია.
გასვლით მატჩებში მოპოვებული ქულებით ბოლო ადგილზე ვართ და იმედია ამას გამოვასწორებთ, ჩვენ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იმ წნეხის და ემოციების გაკონტროლება შევძლოთ რაც გასვლით მატჩებს ახლავს თან. სეზონში იყო მატჩები სადაც უბრალოდ არ გაგვიმართლა, მაგალითად "შალკესთან" და "დარმშტადთან", თუმცა უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს", - განაცხადა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. მას II ბუნდესლიგის ეგიდით 20 თამაში აქვს ჩატარებული. „ნიურნბერგი“ 26 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 თებერვალს, „კარლსრუეს“ უმასპინძლებს.







