ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურში „ვილიარეალმა“ „ესპანიოლი“ 4:1 გაანადგურა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა.
სწორედ ქართველმა ფორვარდმა გახსნა ანგარიში: 35-ე წუთზე ჟორჟმა ახლო მანძილიდან დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ აკრობატულ ნახტომში და ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა.
პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლების უპირატესობა ავტოგოლით გაიზარდა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ნიკოლა პეპემ სხვაობა სამამდე გაზარდა. 55-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გოლს საგოლე პასიც დაუმატა, როცა ალბერტო მოლეირომ შეაგდო. მიქაუტაძე 73-ე წუთზე შეცვალეს, „ესპანიოლმა“ კი მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 27 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალმა“ ლა ლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 45 ქულა დააგროვა და მესამე-მეოთხე ადგილებს „ატლეტიკოსთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „ხეტაფეს“ სტუმრად შეხვდება.







