ტურინის „იუვენტუსი“ ვესტონ მაკკენისთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
ამერიკელი ნახევარმცველი ლუჩანო სპალეტისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს (სპალეტის ხელში ამერიკელმა სამ თვეში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა) და კლუბმა ფეხბურთელის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყო. მხარეებს შორის ჯერჯერობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მაკკენის „იუვე“ სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს სეზონში 4 მილიონი ევროს ხელფასით და ცდილობს შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ვესტონს შეთავაზებები იტალიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან და MLS-დან აქვს. მაკკენის მიმართ ინტერესი გასაკვირი არაა, გარდა იმისა, რომ რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, კონტრაქტს თუ არ გაახანგრძლივებს, ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება.
„ძალიან კმაყოფილები ვართ მაკკენით, კარგად თამაშობს. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ბევრ პოზიციაზე კარგად თამაში შეუძლია. მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია“, - თქვა „იუვეს“ სპორტულმა დირექტორმა მარკო ოტოლინიმ.
27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2020 წლიდან, „იუვეს“ მაისურით 215 შეხვედრაში თავი 25-ჯერ გამოიჩინა.







