ინგლისის პრემიერლიგაში 26-ე ტური საინტერესო მატჩებით დაიწყო.
ლონდონის „ტოტენჰემს“ საშინელი სეზონი აქვს (პრემიერლიგაში) - უკვე 8-მატჩიანი მოუგებელი სერია. თომას ფრანკის გუნდს 2026 წელს ჩემპიონატში თამაში არ მოუგია. „დეზებმა“ მორიგი მარცხი შინ „ნიუკასლთან“ განიცადეს.
მალიკ ჩაოს გოლით „კაჭკაჭები“ ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ, რასაც მასპინძლებმა არჩი გრეის გოლით უპასუხეს, მაგრამ მალევე, 68-ე წუთზე ჯეიკობ რემზიმ „ნიუკასლი“ მეორედ წინ გაიყვანა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2. „ნიუკასლისთვის“ მნიშვნელოვანი მოგებაა, რადგან წინა სამ ტურში ზედიზედ დამარცხდა.
„ნიუკასლი“ 36 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო „ტოტენჰემი“ 29 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონასთან უკვე საშიშ სიახლოვეშია.
ვერ მოიგო ლონდონის „ჩელსიმ“, რომელიც შინ „ლიდს იუნაიტედს“ ჟოაო პედროსა და კოულ პალმერის გოლებით დამაჯერებლად ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმში, ექვსწუთიან ინტერვალში ლუკას ნმეჩასა და ნოა ოკაფორისგან ორჯერ გაუშვა. შედეგად, ფრე 2:2. ამრიგად, „ჩელსის“ ოთხმატჩიანი მოგებების სერია პრემიერლიგაში შეწყდა.
„ჩელსი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლიდს იუნაიტედს“ 30 ქულა აქვს და მე-15 საფეხურს იკავებს.
კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბორნმუთმა“ სტუმრად „ევერტონს“ 2:1 მოუგო. ორივე გუნდს 37-37 ქულა აქვთ და მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფენ.







