„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის 22-ე ტურში „რენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია ისაუბრა.
„დასვენება გრაფიკსა და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს სეზონი ძალიან უჩვეულოა, რადგან ძალიან გრძელი წინა სეზონის შემდეგ მხოლოდ სამი კვირა დავისვენეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოედანზე მუშაობაში გატარებული დრო. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, კმაყოფილი იყო იმით, რასაც აკეთებ და დასვენება, ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი გასაღებია.
არ ვიცი, ფაბიან რუისი რამდენ ხანში დაბრუნდება, მაგრამ ის ფიზიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ ეტაპზე მას გუნდთან ერთად ყოფნა ჯერ არ შეუძლია.
არა მგონია, რომ დემბელეს თამაში შეცვლილიყო. ის იგივეა, რაც გასულ სეზონში და ორი წლის წინ. ის იგივე უსმან დემბელეა: ბრწყინვალე, განსხვავებული მოთამაშე მრავალი თვისებით. მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა და მისი თვისებებით ვტკბებით.
მარკინიოსი ყველასთვის ნაცნობი ფეხბურთელია. ის კაპიტანი და გასახდელის ლიდერია. იმ დღეებში, როდესაც ის იქ არ იქნება, არ ვიცი, ვინ მოტივაციას მისცემს ფეხბურთელებს, რადგან ის ნამდვილი ლიდერია. მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ის ყოველ სეზონში კარგად თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ მარკინიოსი გუნდში მყავს.
„რენი“ მებრძოლი გუნდია, მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენი მიზანია, ზეწოლა გავაგრძელოთ „ლანსსა“ და „ლიონს“ სატურნირო ცხრილში.
ყველა მოთამაშეს ადაპტაციის დრო სჭირდება. ძალიან სწრაფად ადაპტაცია რთულია და ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა იმ ფეხბურთელით, რომელიც სატრანსფერო ფანჯრების დროს დავიმატეთ. სეზონის გადამწყვეტ მომენტში ვართ და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლომდე ყველას ექნება თამაშის შესაძლებლობა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „რენისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.







