საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა.
როგორც მან თქვა, მიზანი კარგად თამაში იქნება და გუნდმა ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოს, რომელიც საქართველოს ნაკრებს დიდ ტურნირთან დაახლოვებს.
„ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.







