ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ გაანადგურა და ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. "მეტროპოლიტანოზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.
„მე მჯერა გუნდის, ჩვენი საქმის და ჩვენი ხალხის. არ ვარ ჯადოქარი, რომ ზუსტად ვიწინასწარმეტყველო, რა მოხდება. თუმცა ვგრძნობდი, რომ გუნდს შეეძლო ასეთი მატჩის ჩატარება. ფეხბურთელებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს მეტოქეზე ზეწოლის მოსახდენად და სწორედ ამიტომ ვეცადეთ თამაშში გარკვეული ცვლილებების შეტანას. მეორე ტაიმში წნეხი ნაკლები იყო. პირველი ტაიმი კი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა.
ვფიქრობ, ჩვენს გულშემატკივრებს სწორედ ასეთი თამაშები სჭირდებათ. ისინი წლების განმავლობაში გვამხნევებენ და მუდამ ჩვენს გვერდით არიან. გულშემატკივრების გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მათ ასეთი მატჩები სჭირდებათ. ხალხს ჩემპიონობა უნდა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს.
პირველ ტაიმში თამაში ძალიან კარგად წავიკითხეთ, გადამწყვეტ მომენტებში კი სიმშვიდე და სიზუსტე შევინარჩუნეთ. შესანიშნავი პირველი ნახევარი გვქონდა. მეორე ტაიმში შეტევაში ინტენსივობა დაგვაკლდა. ვისურვებდი, რომ შეტევა იმავე ტემპით გაგვეგრძელებინა, როგორც ეს პირველ ნახევარში გავაკეთეთ, მაგრამ ეს არის რაც არის. ვიცით, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, ამიტომ საპასუხო მატჩში იგივე მონდომებით უნდა გავიდეთ მოედანზე", - განაცხადა სიმეონემ.
მეორე ნახევარფინალში „სოსიედადმა“ სტუმრად „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა. ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები 3-4 მარტს გაიმართება.







