ბათუმის ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მე-14 ტურის პირველ მატჩში, თბილისის ‘ხვამლს’ 27:20 სძლია და კვირამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.
საქართველოს ჩემპიონს ამ გამარჯვების შემდეგ 49 ქულა მოუგროვდა და ერთით გაასწრო ქუთაისის ‘აიასა’ და ‘არესს’, რომლებიც ტურის შეხვედრას 15 თებერვალს, ერთმანეთში გამართავენ. ‘ხვამლმა’ ზედიზედ მეხუთე თამაში დათმო, ამ ჯერზე მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა და ჯამში 22 ქულით მე-8 ადგილზე რჩება.
გასულ ტურში ორივე გუნდმა მარცხი განიცადა და ამ თამაშში მათი მიზანი 2026 წელს პირველი გამარჯვების მოპოვება იყო. „ბათუმი არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ისევე როგორც პირველ წრეში, პირველმა ტაიმმა ‘ხვამლის’ უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ‘ბათუმმა’ მეორე ნახევარში შეძლო გარდატეხის შეტანა და 4 ქულის მოპოვება.
მატჩის დებიუტში ლუკა გელაშვილმა გაჭრა ხაზი და მას კარგად მიყვა მიხეილ თაყაიშვილი, მასპინძლებმა 22-ში მისი შეჩერება შეძლეს, თუმცა სტუმრებმა ფაზები აკინძეს, გიორგი ვარდოსანიძემ ხაზი გაჭრა და შემდეგ ფაზაში ლელოს მიხეილ კობახიძემ უწია. ლუკა თაყაიშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.
შეხვედრა რომ განახლდა სტუმრები საკუთარი 22-იდან ფეხით მოგერიებისას შეცდნენ, მასპინძლებმა მაღალ ტემპში, ოფლოუდებით შეუტიეს, ლაშა ფოფხაძემ გრძელი გადაცემით რომა მახათაძე მოძებნა და მისი საპასუხო ლელო ვაჟა მიქაძემ გარდასახა. ტაიმის შუაში თაყაიშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 27-ე წუთზე ‘ხვამლის’ მოლი ლუკა გელაშვილის ლელოთი დასრულდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ‘ხვამლის’ უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა - 7:20.
ტაიმის დასკვნით 5 წუთში თაყაიშვილის მესამე ჯარიმა ძელმა აისხლიტა, ბოლო წუთზე კი მახათაძემ უკვე რეზი ჯინჭველაშვილის გრძელი გადაცემა შეირგო და ალამთან თავისი მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო.
მეორე ტაიმში ‘ბათუმმა’ შეძლო ინიციატივის დაუფლება 15 უპასუხო ქულის აღება, რამაც მათ გამარჯვება მოუპოვა. 53-ე წუთზე ‘ხვამლმა’ საკუთარ 5-მეტრიანთან უპატიებელი შეცდომა დაუშვა. დერეფანში აგდებული ბურთი გიგა კობახიძეს მიუვიდა და მანაც საჩუქარი უპრობლემოდ შეირგო. მიქაძემ გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 5 წუთში კი ჯარიმით მასპინძლები პირველად დააწინაურა - 22:20.
76-ე წუთზე ‘ბათუმმა’ შეტევაში ფაზები აკინძა, 5-მეტრიანში მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც მას მახათაძე ელოდა და თავისი მესამე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:20. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რომა მახათაძე გახდა.
RUGBY.GE







