სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:15 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას 60 წუთი და "პარი სენ-ჟერმენის" მოულოდნელი მარცხი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „რენს“ ესტუმრა და მოულოდნელად მარცხი განიცადა.

პსჟ აშკარა ფავორიტი იყო, მით უფრო, რომ „რენს“ 3 იანვრის შემდეგ მოგება არ ჰქონდა, ბოლო სამი თამაში კი წაეგო. თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში მუსა ტამარიმ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში ესტებან ლეპოლის გოლი მოჰყვა. პსჟ-მ სცადა გაბრძოლება და უსმან დემბელემ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ეს პარიზელთა მაქსიმუმი გამოდგა. „რენმა“ შემდეგ მესამეც გაიტანა, როცა ბრილ ემბოლომ გამოიჩინა თავი და ანგარიში 3:1 გახადა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მე-60 წუთამდე ითამაშა, რადგან შემდეგ შეცვალეს. კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 29 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე პასია.

პსჟ 51 ქულით ჯერჯერობით ლიდერია, ტურის დასრულების შემდეგ შეიძლება აღარ იყოს, თუ „ლანსი“ თავის მატჩს მოიგებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში ქართველების „მეცს“ უმასპინძლებს, მაგრამ იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

„რენი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტამარი (34), 2:0 ლეპოლი (69), 2:1 დემბელე (72), 3:1 ემბოლო (81)

0.241078