„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ „რენთან“ მარცხის (1:3) შემდეგ განაცხადა, რომ გუნდისთვის უნდა ითამაშონ და არა საკუთარი თავისთვის.
როგორც ჩანს, ფრანგი უკმაყოფილოა და მედიასთან ეს არ დამალა:
„გაგვიჭირდა თამაშში ჩართვა. მეტი სურვილი უნდა გამოვავლინოთ, პსჟ-სთვის უნდა ვითამაშოთ: თუ ინდივიდუალურად ვითამაშებთ, არ გამოვა, ტიტულებს ვერ მოვიგებთ. გასულ სეზონში გუნდზე ვფიქრობდით, საკუთარ თავზე წინ გუნდს ვაყენებდით და ამას უნდა დავუბრუნდეთ. პსჟ პირველ ადგილზე უნდა იყოს და არა ცალკეული მოთამაშეები. საკუთარი თავისთვის თამაშამდე გუნდისთვის უნდა ვითამაშოთ“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პსჟ მესამედ დამარცხდა, 51 ქულით ლიდერია, მაგრამ „ლანსს“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშია და კონკურენტის გადასწრების შანსი აქვს. პსჟ მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ 17 თებერვალს ჩაატარებს.







