სხვა

14:11 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძე: "ბოლო გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ოლიმპიადა კარგ ნოტაზე დავასრულე"

ფიგურულმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოლო გამოსვლით კმაყოფილია და ყინულზე დაცემის შემდეგ იბრძოლა.

„ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან შეჯიბრი კარგ ნოტაზე დავასრულე. ტურნირის განმავლობაში სულ უფრო და უფრო უკეთესი ვხდებოდი. დღეს კი, დაცემის შემდეგ, ვუთხარი ჩემს თავს: „უნდა იბრძოლო. ეს ბრძოლა აქ და ახლაა“. ვუთხარი ჩემს თავს, რომ არ დავნებებულიყავი და ბოლომდე ვიბრძოლე.

ძალიან ვწუხვარ გუნდური შეჯიბრის გამო, მაგრამ ეს იყო გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში დამეხმარება - არა მხოლოდ სპორტში, არამედ პიროვნულადაც. მივხვდი, რომ საკუთარ თავზე მეტი უნდა ვიფიქრო. ზოგჯერ სხვებზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და ეს ჩემთვის სიტუაციას ამძიმებს. არ ვაძლევ საკუთარ თავს თავისუფლად სრიალის საშუალებას. როდესაც სხვებზე ძალიან ბევრს ვამახვილებ ყურადღებას, საკუთარ თავზე ძალიან დიდ ზეწოლას ვახდენ, - თქვა ეგაძემ.

შეგახსენებთ, მოკლე პროგრამაში ნიკას 85.11 ქულა ჰქონდა, თავისუფალ პროგრამაში კი 175.16 ქულა აიღო, შესაბამისად, ჯამში 260.27 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, ზამთრის ოლიმპიადა მე-10 ადგილზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ სარბიელზე ვაჟთა ერთეულებში საქართველოს საუკეთესო შედეგი დღემდე ეკუთვნოდა მორის ყვითელაშვილს, რომელმაც პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეათე ადგილი დაიკავა.

0.114729