ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად იგორ ტუდორი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ხორვატმა სპეციალისტმა თომას ფრანკი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.
47 წლის ტუდორმა „ტოტენჰემი“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, კონტრაქტის განახლების ოფციის გარეშე, რადგან ზაფხულში „დეზები“ მაურისიო პოჩეტინოს დაბრუნებას უმიზნებენ, მაგრამ ალტერნატიული ვარიანტიც ჰყავთ - რობერტო დე ძერბი.
იგორ ტუდორი ბოლოს „იუვენტუსში“ მუშაობდა, რომელიც გასული წლის მარტში ჩაიბარა, მაგრამ ოქტომბერში გაათავისუფლეს. მას ასევე უმუშავია სპლიტის „ჰაიდუკში“, „კარაგუმრუკში“, „გალათასარაიში“, „უდინეზეში“, „ვერონაში“, „მარსელსა“ და „ლაციოში“.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ 2026 წელს პრემიერლიგაში მატჩი არ მოუგია, 26 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით უსწრებს. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობს, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალშია გასული.







