სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:40 | 14.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

აბუაშვილი: "ქართველები მებრძოლები ვართ, ლიგა 1-ში დარჩენის რესურსი გვაქვს"

„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი აბუაშვილმა ლიგა 1-ის 22-ე ტურში „ოსერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, გუნდს აქვს რესურსი, რომ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„რა თქმა უნდა, დადებითი იყო „ლილთან“ ქულის მოპოვება. ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული თამაში გვაქვს „ოსერთან“ და სამი ქულის მოპოვებას ვეცდებით.

ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ზაფხულში, როცა გუნდში მოვედი. თავდაჯერებულები ვართ, ერთმანეთის გვჯერა, ერთიანები ვართ, რაც ყველაზე მთავარია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლიგა 1-ში დავრჩეთ.

გასახდელში ატმოსფერო ყოველთვის კარგია, ფეხბურთელებს შორის, მწვრთნელთან ურთიერთობა კარგია. ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, გვაქვს რესურსი, რომ ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ, მარტო მე არ ვფიქრობ ასე, ყველანი თავდაჯერებულები ვართ.

სადაც მწვრთნელი მეტყვის, იმ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც გუნდს დასჭირდება, შეტევაში ყველგან თამაში შემიძლია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვგრძნობ მწვრთნელის მხრიდან ნდობას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ნდობა გავამართლო.

გვიხარია, რომ გუნდში ბევრი ქართველი ვართ. ძალიან მიხარია, რომ ჩემს გვერდით არიან, ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით. მათ ძალიან ძლიერი ხასიათი აქვთ და ყოველთვის შეუძლიათ გუნდის დახმარება. ვფიქრობ, ისინი თავიანთი გამოცდილებით, პიროვნული თვისებებით და ხარისხით დაგვეხმარებიან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ქართველები ასეთები ვართ, ეს ჩვენი ისტორიაა, მებრძოლები ვართ. და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა და ყოველთვის ასე იყო“, - თქვა აბუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბუაშვილის საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „მეცი“ 21 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტ „ოსერს“, რომელსაც ქულით მეტი აქვს, 15 თებერვალს შეხვდება.

0.171013