ზამთრის ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში მოთხილამურე ლუკა ბუჩუკურმა იასპარეზა, რომელმაც საბოლოოდ, 56-ე ადგილი დაიკავა.
ქართველმა პირველი დაშვების შემდეგ 1:28:21 წუთი აჩვენა, რაც 61-ე შედეგი იყო, ხოლო მეორე დაშვებას 1:20:57 წუთი მოანდომა, რის შედეგადაც საბოლოოდ, 56-ე პოზიცია ერგო.
გიგანტურ სლალომში სულ 81 მოთხილამურე მონაწილეობდა. ლუკა ბუჩუკური 16 თებერვალს კიდევ ერთხელ იასპარეზებს, ამჯერად, სლალომში.
გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი ბრაზილიელი ლუკას პინეირო ბრაათენი გახდა, რაც ისტორიული ამბავია, რადგან ეს ბრაზილიის პირველი მედალია ისტორიაში ზამთრის ოლიმპიადაზე. მეტიც, სამხრეთ ამერიკის კონტინენტისთვისაც. ლუკას პინეირო ბრაათენს ბრაზილიელი დედა და ნორვეგიელი მამა ჰყავს, ის ოსლოში დაიბადა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები შვეიცარიელებმა, შესაბამისად - მარკო ოდერმატმა და ლოიკ მეილარდმა მოიპოვეს.







