სერია A-ს 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იტალიის დიდი დერბი“ შედგა, რომელშიც „ინტერმა“ „იუვენტუსი“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ზოგადად, ამ გუნდებს ლამაზი მატჩები დასჩემდათ: პირველ წრეში „იუვემ“ „ინტერს“ 4:3 აჯობა, გასულ სეზონში „სან სიროზე“ გუნდებმა ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს. ახლაც მაგარი თამაში იყო, რომელზეც გავლენა მსაჯმა იქონია.
რომ არა არბიტრის, ფედერიკო ლა პენას უხეში შეცდომა, არავინ იცის, თამაში როგორ მორჩებოდა. „იუვენტუსმა“ კარგად დაიწყო, თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ პირველი თავად გაუშვა. მე-17 წუთზე ლუის ენრიკეს ჩაწოდების შემდეგ ბურთი ანდრეა კამბიაზოს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. „იუვეს“ მეკარეს, მიკელე დი გრეგორიოს უკეთ გარჯა მართებდა, მაგრამ უცნაურად იმოქმედა და გუნდი ვერ იხსნა.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა გააგრძელა ბურთის კონტროლი, თამაშის ტემპის დაწესება და მალევე გაათანაბრა. ვესტონ მაკკენის ჩაწოდების შემდეგ კამბიაზომ ავტოგოლის შემდეგ ამჯერად მეტოქის კარი დალაშქრა - 1:1.
საკვანძო გამოდგა ეპიზოდი 42-ე წუთზე: „ინტერმა“ სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო და ალესანდრო ბასტონი პიერ კალულუსთან „ორთაბრძოლაში“ დაეცა. ბასტონის ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, ისევე, როგორც კალულუს. მსაჯმა „იუვეს“ მცველზე ჯარიმა დააფიქსირა და მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, შესაბამისად გააძევა. ყვითელ ბარათზე VAR-ს ჩარევა არ შეეძლო და გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. არადა, კალულუ ბასტონის არ შეხებია, აშკარა სიმულაცია იყო, რის გამოც „ინტერის“ მცველს უნდა მიეღო მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი. თუმცა, „ინტერის“ ნაცვლად მსაჯის შეცდომით „იუვე“ დარჩა 10 კაცით. ნიშანდობლივია, რომ მილანელთა მთავარი მწვრთნელი კრისტიან კივუ მიხვდა მომენტის სიმძიმეს და ბასტონი შესვენებაზე შეცვალა...
მეორე ტაიმში 10-კაციან „იუვესთან“ „ინტერი“ უპირატესობას დაეუფლა და დი გრეგორიომ ტურინელები არაერთხელ იხსნა. მილანელეთა შეტევებმა შედეგი 76-ე წუთზე გამოიღო. ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ თავით გაიტანა - 2:1. ეს თითქოს, „ინტერის“ გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ „იუვემ“ 10 კაცითაც გაიბრძოლა. 83-ე წუთზე მანუელ ლოკატელიმ შესანიშნავი დარტყმით მეორედ გაათანაბრა (2:2).
„იუვენტუსმა“ მაინც ვერ გაძლო, 90-ე წუთზე პიოტრ ჟიელინსკიმ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ინტერი“ სერია A-ს 61 ქულით ლიდერობს და „მილანს“ 8 ქულით უსწრებს, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „იუვენტუსი“ 46 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კონკურენტ „კომოს“ უმასპინძლებს.
„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 3:2 (1:1)
გოლები: 1:0 კამბიაზო (17, ა.გ), 1:1 კამბიაზო (26), 2:1 ესპოზიტო (76), 2:2 ლოკატელი (83), 3:2 ჟიელინსკი (90)







