საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „ოსერთან“ დამარცხდა, რითაც სიტუაცია კიდევ უფრო დაუმძიმდა.
ბურგუნდიელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს - 1:3. „მეცმა“ ბოლო წუთზე გაიტანა პრესტიჟის გოლი, თორემ ანგარიში 0:3-იც იყო.
გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი აბუაშვილმა მოედანზე 82 წუთი გაატარა, ხოლო გიორგი ქვილითაია თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. ასე რომ, 12 წუთის განმავლობაში მოედანზე სამივე ქართველი ერთად იყო. თუმცა, „მეცი“ მორიგი მარცხისგან ვერ იხსნეს.
წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი), აბუაშვილის აქტივში 15 მატჩში 1 გოლია, ხოლო ქვილითაიამ მეორედ ითამაშა.
„მეცს“ ლიგა 1-ში 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. შედეგად, 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში კი 21 თებერვალს, სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.







