კალათბურთი

11:04 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ორბმა ივერიონს ტყიბულში შანსი არ დაუტოვა | სუპერლიგა 6 მარტს გაგრძელდება

სუპერლიგის მე-14 ტური დასრულდა და გუნდებს სანაკრებო მატჩების გამო 20-დღიანი შესვენება ელით. სანაკრებო ფანჯარას კარგ ხასიათზე ხვდებიან გუნდები, რომლებმაც ბოლო თამაშები მოიგეს, თუმცა, მედალს და შეჯიბრს ორი მხარე აქვს – ვიღაცა თუ იგებს, ვიღაცა აგებს და ცხადია, წაგებულებს დიდი სამუშაო ელით, რათა სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 8 ტურში სასურველი შედეგი დააფიქსირონ – მინიმუმ, ლიგიდან არ გავარდნენ.

ასეთები ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდები არიან და თუკი პირველი წრის შემდეგ 2 გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო და ბევრს ეგონა, რომ “ა” ლიგაში ამ ორისგან დაქვეითდებოდა რომელიმე, ახლა აუტსაიდერთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. რაშს და გურჯაანის დელტას რუსთავიც შეემატა და ეს იმის ფონზე, რომ მეორე წრის 3 ტურიდან გურჯაანელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს, რაშმა 2-ში იმარჯვა, ხოლო რუსთავმა ჩატარებული ორივე შეხვედრა დათმო.

ასე და ამგვარად, ცხრილში სამივე გუნდს 3-3 მოგება აქვთ ცხადია, სამივე მათგანი დაქვეითების კანდიდატია. ვის უკეთესი შანსი აქვს, ვარაუდები რთულია, თუმც გურჯაანელებს ყველაზე კარგად აქვთ საქმე – ბოლო 3 მატჩი მოიგეს და ფსიქოლოგიურთან ერთად ფიზიკური უპირატესობაც მათ მხარეზეა.

სანაკრებო ფანჯარას დამწუხრებულები ხვდებიან გორის კსუ-კავკასია და გორის ივერიონი. მართალია, ეს გუნდები აუტსაიდერ ტრიოს მთელი 3 მოგებით ჯობნიან, თუმცა ტენდენცია ისეთია, არც ამ ჰანდიკაპის აღმოფხვრაა შეუძლებელი. ორივე მათგანმა მეორე წრეში ჩატარებული სამივე შეხვედრა წააგო და ახალ წლამდე ლიდერთა შორის მოტრიალეებმა 7-8 ადგილებზე ჩაინაცვლეს.

გორელებმა მეორე წრის მესამე შეხვედრა დღეს, ტყიბულში დათმეს. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბი კარგ იშტაზეა. წინა ტურში ბობოქარ თსუ-ს ბოლომდე ეჭიდავა, დღეს კი ივერიონს შანსი არ დაუტოვა. შეხვედრა თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ორბმა ლიდერობა სადებიუტო წუთებში რომ მოიხელთა, თამაშის ბოლომდე არ დაუთმია. ტყიბულელებს კარგი ნამატი ჰყავთ მარკ ფრიმენის სახით, რომელმაც ამჯერად 31 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 24 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა შონ მურს, ლარი ოსტინს კი 18 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა. მატჩი ორბმა საბოლოოდ 17 ქულით – 102:85 (სტატისტიკა) მოიგო და ცხრილში მე-5 ადგილზე განთავსდა.

მეორე გუნდი, რომელმაც მეორე წრეში 3 გამარჯვება მოიპოვა, თსუ-ა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მიყოლებით მოუგო მარგვეთს ზესტაფონში, ორბს თბილისში და რუსთავს რუსთავში. სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ერთპიროვნული ლიდერია 10 მოგებითა და 3 მარცხით, რომელსაც ქულით მარგვეთი ჩამორჩება.

სანაკრებო თამაშების შემდეგ, სუპერლიგა 6 მარტს გაგრძელდება.

GBF.GE

0.098169