კალათბურთი

18:21 | 16.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი, ნატურალიზებული კალათბურთელი ჰყავს. მარკის რიდი საქართველოს ნაკრების ღირსებას დანიასთან მოახლოებულ მატჩებში – 27 თებერვალს და 2 მარტს დაიცავს. ახალი ამერიკელის დამატების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

მარკის რიდი არის გამოცდილი, 30 წლის კალათბურთელი და ცოტა ხატოვნად რომ ვთქვათ, ის გახლავთ ქულების მკეთებელი მანქანა. ბოლო 2 სეზონში ის არავის უთმობს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბომბარდირის ტიტულს და ახლაც, მიმდინარე სეზონში, ევროპაში ერთ-ერთ მძლავრ საკალათბურთო ლიგას მოპოვებული ქულებით ლიდერობს.

მარკის რიდი ტრაბზონსფორის ღირსებას იცავს. შარშან ის თოფაშის წევრი იყო და ბომბარდირობასთან ერთად ყველაზე ძვირფასი ინდივიდუალური პრიზი დაისაკუთრა – გახდა თურქეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშე, ეგრეთ წოდებული MVP. მიმდინარე სეზონში რიდი ბომბარდირთა დავაში ისევ პირველია. 2025-26 წლების სეზონში მას თურქეთის ლიგაში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 23.25 ქულას, 5.15 პასს, 3.2 მოხსნას და 1.55 ჩაჭრას აგროვებს. გასულ, 2024-2025 წლების სეზონში ის გახდა ფიბა ევროპის თასის გათამაშების ბომბარდირიც, როცა თოფაშის ღირსებას იცავდა.

ტრაბზონსფორმა 20 მატჩიდან 16 მოიგო და ამ შედეგით 16-გუნდიან ლიგაში ფენერბაჰჩესა და ბეშიქთაშის შემდეგ მე-3 ადგილზეა. რიდი 191 სანტიმეტრი სიმაღლისაა და ერთნაირი წარმატებით შეუძლია როგორც გამთამაშებლის, ისე მსროლელის პოზიციაზე თამაში. მას ბურთის გათამაშებაც კარგად გამოსდის და ჩაგდება ხომ – საერთოდ. ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს, რომელსაც ის ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში აჩვენებს – 23 ქულაზე და 5 პასზე მეტი.

მარკის რიდმა საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზების გზით უკვე მიიღო და ჩვენს ნაკრებში მისი ჩამოსვლა, ტრაბზონსფორის თასზე ნაჩვენები შედეგზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ევროპის უმეტეს ქვეყანაში ამ დღეებში სათასო თამაშებია და ასეა თურქეთშიც. ტრაბზონი 17 თებერვალს ტურკ ტელეკომს ხვდება და თუ დამარცხდა, რიდი მეორე დღეს თბილისში გამოემგზავრება. თუ იმარჯვა, შემდეგი მატჩიც ექნება და ასეთ შემთხვევაში ის სავარაუდოდ დანიაში, საქართველოს ნაკრების სხვა ლეგიონერებთან ერთად ჩავა.

რიდმა კლემსონის უნივერსიტეტის გუნდში თამაში 2019 წელს დაასრულა და მას შემდეგ, რაც ნბა-ს დრაფტზე არ აირჩიეს, პროფესიული კარიერა ევროპაში დაიწყო. მისი პირველი გუნდი იყო ფრანგული როანი, რის შემდეგაც უკრაინულ პრომეთეიში გამოდიოდა. შემდეგ იყო ისევ ფრანგული კლუბები – ნანტერი 92, გრაველინი, იტალიური ბრინდიზი და 2023 წლიდან რიდი თურქეთში გადაბარგდა: ბუიუქჩეკმეჩი, თოფაში და ამ სეზონიდან ტრაბზონსფორი.

GBF.GE

0.165749