ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ქართული სპორტის ისტორია დაწერეს! დიახ, მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მათ მედალი მოიპოვეს.
ისტორიული მედალი, რადგან ის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოსთვის პირველია!
ანასტასიამ და ლუკამ გუშინ მოკლე პროგრამაში 75.46 ქულა აიღეს და მეორე ადგილზე იყვნენ გადამწყვეტი გამოსვლის წინ. მათ თავისუფალ პროგრამაშიც შესანიშნავად იასპარეზეს, თუ არ ჩავთვლით ერთ მცირე ხარვეზს. საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში ქართულმა წყვილმა 146.29 ქულა დააგროვა (ტექნიკურ ელემენტებში 76.28 ქულა, პროგრამულ კომპონენტებში 70.01) და ჯამში 221.75 ქულით მეორე ადგილი დაიკავა!
აღსანიშნავია, რომ მეტელკინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაშიც მეორე იყო, თავისუფალ პროგრამაშიც და საბოლოო ჯამშიც. საქართველო მიმდინარე ოლიმპიადაზე გახდა 26-ე ქვეყანა, რომელსაც მედალი აქვს.
ოლიმპიური ჩემპიონი იაპონური წყვილი გახდა რიკუ მიურას და რიუჩი კიჰარას შემადგენლობით, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ მხოლოდ მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში საოცარი შედეგი აჩვენეს (158.13 ქულა) და ჯამში 231.24 ქულით პირველობა არავის დაუთმეს.
ბრინჯაოს მედალი გერმანელებმა - ფაბიენ ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა მოიპოვეს, რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერები იყვნენ, მაგრამ თავისუფალი პროგრამა ჩააგდეს (139.08 ქულა) და ქართულ წყვილსაც ჩამორჩნენ.
ოლიმპიადა 2026. ფიგურული ციგურაობა
1. რიკუ მიურა - რიუჩი კიჰარა (იაპონია) – ჯამში 231.24 ქულა (73.11 მოკლე პროგრამა – 158.13 თავისუფალი პროგრამა)
2. ანასტასია მეტელკინა - ლუკა ბერულავა (საქართველო) – 221.75 ქულა (75.46 – 146.29)
3. ფაბიენ ჰასე - ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) – 219.09 ქულა (80.01 – 139.08)

საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე კიდევ დარჩა წარმომადგენელი - ანასტასია გუბანოვა, რომელიც 17 და 19 თებერვალს მოკლე და თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.







