ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორიული ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ კომენტარი გააკეთეს.
რა თქმა უნდა, ორივე ძალიან ბედნიერია და ემოციები არ დაუმალავთ:
ლუკა ბერულავა: „ეს უდიდესი პატივია და წარმოუდგენლად მიხარია, რომ ჩვენი სახელები ახლა ჩაწერილია, როგორც პირველი ქართველების, რომლებმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვეს. ეს უდიდესი პატივია. ეს ჩვენთვის გრძელი გზა იყო და წარმოუდგენლად ბედნიერები ვართ“.
ანასტასია მეტელკინა: „ვფიქრობ, საქართველოს ფედერაცია ნამდვილად იმსახურებს ამ მედალს, რადგან მათ შექმნეს ყველა პირობა, რათა შეგვეძლოს კონკურენცია და მედლების მოგება. ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს და ფედერაციის, რადგან სწორედ მათი წყალობით ვართ ახლა აქ, ამ თამაშებზე ამ მედლებით“.
ლუკა ბერულავა: „წარმოდგენის ბოლოს უბრალოდ შვებით ამოვისუნთქეთ. ეს უდიდესი შვება იყო, რადგან ეს მისია შევასრულეთ. ყველაფერი გავაკეთეთ. ოთხი პროგრამა გქონდა და ახლა შეგვიძლია ცოტა დავისვენოთ“.
ანასტასი მეტელკინა: „ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება მალე გავსულიყავი ყინულზე და სრიალი. ეს ჩვენი პირველი გამოცდილება იყო, როდესაც გუნდური ღონისძიების შემდეგ ამდენი ხნის განმავლობაში ფორმაში ყოფნა მოგვიწია. ეს ფსიქოლოგიურად რთულია, რადგან ნამდვილად ვერ მოდუნდები. სულ ოთხი პროგრამა წარმოვადგინეთ, ცოტა დავიღალეთ. ბოლოს უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მაღალ ნოტაზე დავასრულეთ. ყველაფერი ყინულზე დავტოვეთ და არაფერს ვნანობ“.
ლუკა ბერულავა: „იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემდეგ საქართველოში ეს სპორტი უფრო განვითარდება - გვეყოლება მეორე, მესამე, მეოთხე წყვილი და ქვეყანაში კონკურენცია იქნება. კარიერის დასრულების შემდეგ მინდა ამაზე ვიზრუნო, რადგან მიყვარს ფიგურული სრიალი და მინდა ყველაფერი გავაკეთო წყვილთა ფიგურული სრიალის განვითარებისთვის საქართველოში“.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ქართულმა წყვილმა 146.29 ქულა დააგროვა (ტექნიკურ ელემენტებში 76.28 ქულა, პროგრამულ კომპონენტებში 70.01) და ჯამში 221.75 ქულით მეორე ადგილი დაიკავა! ისინი მხოლოდ იაპონელ მოციგურავეებს ჩამორჩნენ, რომლებმაც თავისუფალ პროგრამაში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.







