ესპანეთის ლა ლიგაში „ბარსელონამ“ ლიდერობა დაკარგა. 24-ე ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი სტუმრად „ჟირონასთან“ მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დაცვაში და შესაბამისად მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. ფეხბურთელები ძალიან დაღლილები ჩანდნენ და ეს ბუნებრივია. ვფიქრობ სხვა მოცემულობაში ეს მატჩი სულ სხვა შედეგით დასრულდებოდა. ასეთი მატჩების მოსაგებად მეტი მონდომება და ჟინი გვჭირდება. რაც შეეხება მეორე გოლის მომენტს, ყველამ დავინახეთ რაც მოხდა, მაგრამ მსაჯებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - განაცხადა ფლიკმა.
პრესკონფერენციაზე ფლიკსა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის მცირე დიალოგიც შედგა, რომელიც სავარაუდო დარღვევას ეხებოდა. კითხვაზე, იყო თუ არა წესების დარღვევა ჟიულ კუნდეს ეპიზოდში, ფლიკმა ჟურნალისტს თავად ჰკითხა აზრი: „თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ მითხარით.“ როდესაც რეპორტიორმა პასუხისგან თავი შეიკავა, ფლიკმა მოკლედ დაამატა: „კარგი, მაშინ მეც არაფერს ვიტყვი“,
„ბარსელონა“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედ მეორედ დამარცხდა, რადგან შუა კვირაში ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ 0:4 განადგურდა...
„ბარსელონა“ 58 ქულით მეორე ადგილზეა, მადრიდის „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში „ლევანტეს“ 22 თებერვალს, უმასპინძლებს.







