სტამბულის "გალათასარაის" ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა "იუვენტუსთან" მატჩამდე La Gazzetta dello Sport-თან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ფეხბურთელმა ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობაზე და "ნაპოლიდან" წასვლის მიზეზებზე გააკეთა კომენტარი.
"ვწუხვარ ნაპოლის გულშემატკივრებზე განსაკუთრებით იმიტომ, რომ იმ მომხდარზე არასდროს მისაუბრია. ზოგი მათგანი ჩემს სახლამდეც კი მოვიდა, რომ ახსნა მოეთხოვა. ვისაუბრეთ და ვთხოვე, ჩემს ადგილზე წარმოედგინათ თავი.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც "ნაპოლიმ" ჩემი აცილებული პენალტის ვიდეო დადო TikTok-ზე. ნებისმიერმა შეიძლება პენალტი აეცილოს, ნებისმიერს შეიძლება დასცინონ ამის გამო, მაგრამ რატომღაც "ნაპოლიმ" ეს მხოლოდ ჩემზე გააკეთა.
მე რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლიც ვიყავი და წასვლა მინდოდა. ინსტაგრამიდან "ნაპოლის" მაისურიანი ფოტოები წავშალე და მათ ეს შესაძლებლობად გამოიყენეს, რომ გულშემატკივრები ჩემ წინააღმდეგ აემხედრებინათ. მიუხედავად ამისა ჩემი ქალიშვილი თავს უფრო ნეაპოლელად გრძნობს, ვიდრე ნიგერიელად.
ამბობდნენ, თითქოს სპალეტისთან კონფლიქტი მქონდა, მაგრამ ეს სიმართლე არ იყო. მის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. თვეების განმავლობაში ის ბაზაზე რჩებოდა, დღე და ღამე მუშაობდა რათა დავერწმუნებინეთ, რომ შეგვეძლო ტიტულის მოგება. სპალეტი ბევრ მოთამაშეს, კიმს, კვარაცხელიას, ანგიას, მეც, დაეხმარა უმაღლეს დონემდე ასვლაში. ბევრს ითხოვდა, მაგრამ სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტს იძლეოდა. ზოგი მწვრთნელი ჯერ პიროვნებად განგავითარებს და შემდეგ — ფეხბურთელად, სწორედ ასეთია ლუჩანო", - განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" ღირსებას 2020-2024 წლებში თამაშობდა, რა დროსაც კლუბთან ერთად სერია ა-ს მოგება შეძლო. მან "პარტენოპეის" მაისურით 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა.







