საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის სამზადისი დაიწყო. მოსამზადებელი პერიოდი 2 ეტაპად იყოფა – პირველი თბილისური ვარჯიშებია, მეორე კი, დანიური შეკრება, სადაც 27 თებერვალს ჩვენი ეროვნული გუნდი 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 ტურის მატჩს გამართვავს. დანიასთან მომდევნო შეხვედრა კი 2 მარტს, თბილისში ჩატარდება.
დღეს თბილისი არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ის კანდიდატები შეიკრიბნენ, რომლებიც სუპერლიგის გუნდებში თამაშობენ. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან 9 ლეგიონერი პირდაპირ დანიაში, 23 თებერვალს ჩავა, მანამდე კი, 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით, ქართულ კლუბებში მოთამაშე 15 კალათბურთელი თბილისურ შეკრებაზე ეცდება, დანიაში გასამგზავრებელ 5-კაციან შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს.
აქვე ვთქვათ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს 26 თებერვალს, კოპენჰაგენში შეუერთდება, რადგან მის კლუბ ბარსელონას 25-ში ევროლიგაში თამაში აქვს. 5-დღიან თბილისურ შეკრებაზე გამოძახებულმა 15-მა კალათბურთელმა დღეს თბილისი არენაზე ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ვარჯიშს იმყოფებოდნენ: გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი (კსუ-კავკასია), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე (ორივე მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კსუ-კავკასია), ლევან გოგიჩაიშვილი (ვსა), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომან ჭინჭარაული (მარგვეთი), ვილი ისიანი (რუსთავი).
ნაკრების მწვრთნელს განსაკუთრებული არაფერი ჩაუტარებია. ბიჭები სტანდარტულად, ფუნდამენტურ საკალათბურთო კომპონენტებზე ამუშავა და თითოეულ კალათბურთელს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა. შეკრების მიზანიც ხომ ისაა, რომ ის კალათბურთელები შეირჩნენ, რომლებიც ნაკრების ძირითად ბირთვს, ლეგიონერებს მაქსიმალურად დაეხმარებიან. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ის ოპტიმალური ხუთეული უნდა შეკრას, რომლებსაც დანიაში, გენერალურ შეკრებაზე წაიყვანს.
GBF.GE







