„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „მონაკო“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპს მიუახლოვდა.
არადა, ლუის ენრიკეს გუნდისთვის თამაში კოშმარულად დაიწყო, რადგან გოლი პირველივე წუთზე გაუშვა, ხოლო მე-18 წუთისთვის 0:2 მარცხდებოდა... ფოლარინ ბალოგუნმა მატვეი საფონოვს ორჯერ გაუტანა და პსჟ სერიოზული რისკის წინაშე დადგა.
თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდმა მოახერხა გამოფხიზლება და პირველივე ტაიმში სიტუაცია შეცვალა. 21-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ იაქტიურა, „მონაკოს“ მცველს ბურთი წაართვა და პენალტი მოიპოვა. პენალტი, რომელიც ვიტინიამ ვერ გაიტანა. ანგარიში უცვლელი დარჩა.
თუმცა, ცოტა ხნით: 29-ე წუთზე დეზირე დუემ სხვაობა შეამცირა. დუე მოედანზე ორი წუთის შესული იყო, უსმან დემბელეს ნაცვლად, რომელიც ლუის ენრიკემ პირველივე ტაიმში შეცვალა. დუემ 41-ე წუთზე კიდევ ერთხელ იაქტიურა, მეკარემ აჯობა, მაგრამ დამატებაზე აშრაფ ჰაკიმი პირველი იყო, რომელმაც წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმი წითელი ბარათით დაიწყო, რომელიც "მონაკოს" ფეხბურთელმა გოლოვინმა მიიღო. 10-კაციან მეტოქესთან პსჟ-ს ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა და 67-ე წუთზე დეზირე დუემ შესანიშნავი კომბინაცია გამარჯვების გოლით დაასრულა - 2:3. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
საგოლე კომბინაციაში კვარაცხელიაც მონაწილეობდა, რომელიც 69-ე წუთზე ლუის ენრიკემ შეცვალა.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 8 შეხვედრაში 3 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ საპასუხო მატჩი 25 თებერვალს გაიმართება.
„მონაკო“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 2:3 (2:2)
გოლები: 1:0 ბალოგუნი (1), 2:0 ბალოგუნი (18), 2:1 დუე (29), 2:2 ჰაკიმი (41), 2:3 დუე (67)







