ფეხბურთი

10:50 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ასეთი დასაწყისით ნორმალურია, რომ წააგო, მაგრამ ჩვენი მენტალური ძალა ვაჩვენეთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსთან“ გამარჯვების (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, კმაყოფილია იმის გათვალისწინებით, რომ 0:2-დან მოიგეს, მაგრამ უკმაყოფილოა, რომ 10-კაციან მეტოქესთან მეოთხე გოლი ვერ გაიტანეს:

„ჩემი პირველი რეაქციაა: რა ბრძოლა იყო! ეს უნიკალური მატჩი იყო. რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მინდა დავიწყო ჩვენი გულშემატკივრების ქებით. ისინი წარმოუდგენლები არიან. როდესაც 0:2-ს ვაგებდით, მხოლოდ ჩვენი გულშემატკივრების ხმა გვესმოდა, ეს გამარჯვება მათ ეძღვნებათ. ეს საოცარი იყო და გვაქვს დიდი ამბიციები, რომ გავაგრძელოთ გაუმჯობესება. მათ პირველი ორი მომენტით ორჯერ გაიტანეს, რაც რთული გადასალახი იყო, მაგრამ უნდა მივულოცო ფეხბურთელებს, მჯერა, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

ფეხბურთში მატჩში ბევრი მომენტია, როდესაც შეიძლება თავდაჯერებულობა დაკარგო, სადაც შეიძლება პრობლემები შეგექმნას. ამის დაძლევა ადვილი არ არის. ეს პირველ ტაიმში გავაკეთეთ, პენალტი ვერ გავიტანეთ, რაც კიდევ უფრო უარესი იყო ჩვენი თავდაჯერებულობისთვის. ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ და ზეწოლაც არსებობს. გასულ წელს სხვა სახის ზეწოლა იყო, რადგან არავის ეგონა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ​​წელს ზეწოლა გვაქვს, რადგან იციან, რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია. თუმცა მოგვწონს ეს ზეწოლა. ეს საბაბი არ არის, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ამ ზეწოლის დაძლევა ადვილი არ არის.

რას ვფიქრობდი 0:2-ზე? მინდოდა სახლში, ცოლ-შვილთან დავბრუნებულიყავი. როდესაც თამაშს ასე იწყებ, ყველაზე ნორმალურია, რომ დამარცხდე, მაგრამ ჩემმა გუნდმა მენტალური სიძლიერე გამოავლინა. თამაში გაძევებით შეიცვალა და ამის შემდეგ ბევრი მომენტი გვქონდა. სამწუხაროა, რომ მეოთხე გოლი ვერ გავიტანეთ. გვქონდა შანსები, შეგვეძლო გოლის გატანა. კმაყოფილი ვარ შედეგით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაიწყო მატჩი. თუმცა მეორე შეხვედრა წინაა, რომელიც რთული იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ საპასუხო მატჩი 25 თებერვალს გაიმართება.

0.081208