„ნიუკასლის“ ფეხბურთელმა ენტონი გორდონმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ყარაბაღთან“ პირველივე ტაიმში პოკერი შეასრულა და რეკორდები დაამყარა.
ის „ნიუკასლის“ ყველა დროის ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, „ჯორდების“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა.
გორდონი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ეს მხოლოდ ლუის ადრიანოს ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში „შახტარის“ მაისურით „ბატე“ პირველივე ნახევარში ოთხჯერ დაამწუხრა.
„ნიუკასლმაც“ დაამყარა რეკორდი: მხოლოდ მეორე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ 5-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. აქამდე ეს მხოლოდ „ბაიერნს“ მოეხერხებინა, რომელმაც 2015 წლის აპრილში „პორტუსთან“ პირველი ტაიმი ასევე 5:0 მოიგო.
ენტონი გორდონს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი, სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს, სადაც უკვე 10 გოლს მოუყარა თავი.







