ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ნიუკასლმა“ ყველაფერი გადაწყვიტა, რადგან აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღს“ სტუმრად 6:1 აჯობა.
ეს მატჩი ენტონი გორდონის ნამდვილი ბენეფისი იყო, რომელმაც პოკერი შეასრულა, თანაც პირველივე ტაიმში. ინგლისელი ფეხბურთელი შესანიშნავ სეზონს ატარებს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც უკვე 10 გოლი დაუგროვდა და რამდენიმე რეკორდიც დაამყარა.
„ნიუკასლის“ ყველა დროის ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, „ჯორდების“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა.
გორდონი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ეს მხოლოდ ლუის ადრიანოს ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში „შახტარის“ მაისურით „ბატე“ პირველივე ნახევარში ოთხჯერ დაამწუხრა.
„ნიუკასლმაც“ დაამყარა რეკორდი: მხოლოდ მეორე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ 5-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. აქამდე ეს მხოლოდ „ბაიერნს“ მოეხერხებინა, რომელმაც 2015 წლის აპრილში „პორტუსთან“ პირველი ტაიმი ასევე 5:0 მოიგო.
გორდონის გარდა, პირველ ტაიმში მალიკ ჩაომაც გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ ელვინ ჯაფარგულიევმა შეამცირა სხვაობა, ხოლო 72-ე წუთზე ჯეიკობ მერფიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რა თქმა უნდა, საპასუხო მატჩი ფორმალობად იქცა, „ნიუკასლი“ მერვედფინალში გავა. „ყარაბაღისთვის“ ეს ნებისმიერ შემთხვევაში ისტორიული სეზონია, რადგან ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, მერე ფაზის ეტაპიც გადალახა და აზერბაიჯანს დიდი ფეხბურთი კიდევ ერთხელ აჩუქა.
„ყარაბაღი“ – „ნიუკასლი“ 1:6 (0:5)
გოლები: 0:1 გორდონი (3), 0:2 ჩაო (8), 0:3 გორდონი (32, პენ), 0:4 გორდონი (44), 0:5 გორდონი (45, პენ), 1:5 ჯაფარგულიევი (55), 1:6 მერფი (72)







