„ვილიარეალმა“ ლა ლიგაში „ლევანტესთან“ სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება (1:0) მოიპოვა. ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც ზედიზედ მესამე ტურში შეძლო თავის გამოჩენა.
ქართველმა ფეხბურთელმა ესპანური მედიისგან დადებითი შეფასებებიც დამსახურებულად მიიღო:
Eldesmarque (9 ქულა): „მან არაერთხელ დაიხია ცენტრში ბურთის მისაღებად. წუთების გასვლასთან ერთად თამაშში უფრო მეტად ჩაერთო. გაიტანა გოლი, რის შედეგადაც მისი გუნდი დაწინაურდა და საბოლოოდ გაიმარჯვა“.
AS: „ქართველის მერვე გოლი. ყოველ ჯერზე, როცა მეტოქის საჯარიმოში შედიოდა, საფრთხეს ქმნიდა. დელამ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და ხელი შეუშალა ანგარიშის გაზრდაში. ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის“.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 29 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 თებერვალს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.





