21 თებერვალს ბორჯღალოსნები ესპანეთს „ავჭალაზე“ დაუხვდებიან და მათი დამარცხებით 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას შეეცდებიან, რაც საქართველოს თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებას დაუბევებს.
ეს არის ნაკრების წლის პირველი შეხვედრა საქართველოში, ახალი მწვრთნელების ხელმძღვანელობით. ასევე ეს არის შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის გამეორება. 2025 წელს ესპანელ „ლომებს“ გადამწყვეტ მატჩში „მიხეილ მესხზე“ დავუხვდით და 46:28 დავამარცხეთ.
შეგახსენებთ, წელს ფინალს მადრიდი მასპინძლობს (15 მარტს), მანამდე კი 7-8 მარტს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.
განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა ბონუსით გაიმარჯვა. ესპანეთმა ნიდერლანდებს 51:33, ხოლო შვეიცარიას 53:14 აჯობა. საქართველომ სტუმრად ჯერ შვეიცარია დაამარცხა 54:3, მერე ნიდერლანდები - 61:12. ამრიგად, ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს და თასის ნახევარფინალში თამაში უკვე დაიბევეს, თუმცა ეს მომავალ თამაშს ინტრიგას არ უკარგავს.
ამსტერდამში გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორიციელა. შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებს ბურჯი გიორგი ახალაძე, რომელიც გუნდს შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ დაუბრუნდა. მას მხარს გაუმაგრებენ კვაჭი ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური (ლიონი). მეორე ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ლადო ჩაჩანიძე, რომელიც მიხეილ ბაბუნაშვილს შეუწყვილდება. უცვლელი დარჩა მესამე ხაზი, სადაც თამაშს ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.
სამი ცვლილებაა ხაზში. ამჯერად მგეზავად თამაშს თედო აბჟანდაძე იწყებს, რომელიც ღერძზე გელა აფრასიძესთან ერთად დადგება. ცენტრში ბრუნდება დემე თაფლაძე და ის გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე გამოჩნდა დავით ნინიაშვილი, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით წელს პირველად ითამაშებს. ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს ოთარ მეტრეველმა და აკაკი ტაბუცაძემ.
მარკო ბორტოლამიმ წინა ორი თამაშისგან განსხვავებით კლასიკური მარქაფა შეარჩია. შერკინებაში გუნდს დაუბრუნდნენ კვაჭი ნიკა სუთიძე და მეორეხაზელი გიორგი ჯავახია. მარქაფაში გადაინაცვლა ბურჯმა ლუკა გოგინავამ. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნა მეორე ბურჯმა ბაჩუკი ჭუმბაძემ, ხოლო მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე წელს ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს.
ასევე 2026 წლის პირველ სანაკრებო თამაშს ჩაატარებს თორნიკე კახოიძე. ამჯერად მარქაფაშია მგეზავი ლუკა მატკავა, რომელიც შვეიცარიასთან და ნიდერლანდებთან დამწყებთა შორის იყო. 9 ნომრის შეცვლაზეა ცენტურიონი ვასილ ლობჟანიძე.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ა ჯგუფი. III რაუნდი. 21 თებერვალი (შაბათი)
თბილისი. „ავჭალა“. 15:00
საქართველო - ესპანეთი
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).
RUGBY.GE







