„ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგაში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.
ეს მისთვის პირველი შემთხვევაა, აქამდე თვის MVP-ის პრიზის მოგების შანსი მას არ ჰქონია. მიქაუტაძის გარდა, ნომინირებული არიან ფედერიკო ვალვერდე (რეალი), ლუის მილა (ხეტაფე), ტომა ლემარი (ჟირონა) და აბდე ეზალზული (ბეტისი).
მიქაუტაძემ მიმდინარე თვეში 3 გოლი გაიტანა - „ესპანიოლის“, „ხეტაფეს“ და „ლევანტეს“ წინააღმდეგ. ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 29 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 თებერვალს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.







